ხვალიდან, ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქი ვილნიუსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მესამე სამიტს უმასპინძლებს.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლესი წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტებზე განიხილება პარტნიორობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, წინა სამიტის შემდგომ პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით არსებული მიღწევები და დაისახება მომავალი ორი წლის გეგმები.
სამიტის შემდეგ შემუშავდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ასახავს ევროკავშირისა და ექვსი პარტნიორი ქვეყნის საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს. იმის გათვალისწინებით, რომ „ვილნიუსის სამიტზე" რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა წარმოაჩენს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, მას უწოდებენ, ე.წ. „შედეგების სამიტს" .
ვილნიუსის სამიტს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის ისტორიული დატვირთვა გააჩნია. სამიტზე საქართველო და ევროკავშირი მოახდენენ „ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას." ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.