IFC აგრობიზნესში ჩართულ ქართულ კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. IFC-ის აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამა, რომელიც დღეს ქართველ მეწარმეებს გააცნეს, კომპანიებს გარემოს, სოციალური და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვაში დაეხმარება. ეს სისტემები მათ საშუალებას მისცემს შეამცირონ საოპერაციო ხარჯები და საწარმოო ნარჩენები, გაზარდონ პროდუქტიულობა და თავიანთი პროდუქცია ახალ ბაზრებზე გაიტანონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სტანდარტების არასათანადო დონე იწვევს დანაკარგებს, თანამშრომელთა პროდუქტიულობის შემცირებას და ხშირად საფრთხეს უქმნის გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობას.
"სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი პოტენციალით გამოირჩევა, მაგრამ სტანდარტების არასათანადო დონე გარკვეულწილად აფერხებს მის განვითარებას. IFC ბოლო წლებში საქართველოში კერძო კომპანიებთან სურსათის უვნებლობის სფეროში მუშაობდა. ეს ახალი პროგრამა მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება, რითაც, საბოლოო ჯამში, კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს",- განაცხადა IFC -ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.
აგრობიზნესის მხარდაჭერა IFC-ის პრიორიტეტია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამ სექტორის განვითარებას IFC საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით უწყობს ხელს. სწორედ ამ საქმიანობის ნაწილია IFC -ის აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. პროგრამა ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველო IFC -ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC -ის ინვესტიციებმა საქართველოში 656 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. IFC -ის ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC-ის საკონსულტაციო პროექტები კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.