ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბელგიაში, ქ.ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომაში. კომისიის სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილი ისაუბრებს საქართველოს მიერ ნაჩვენები დემოკრატიული პროგრესის, კერძოდ, 2013 წელს წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. კომისიის სხდომაზე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზეც იმსჯელებენ, იგეგმება ვილნიუსის სამიტის წინ რეგიონში განვითარებულ მოვლენებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განხილვა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.
ბრიუსელიდან ალექსი პეტრიაშვილი ლიტვაში, ქ. ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობაში.
„ვიზიტს ვიწყებთ ბრიუსელში, შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და განხილული იქნება ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, იქნება ჩვენი შეხვედრა ნატოს ელჩებთან და მანამდე ნატოს გენერალურ მდივანთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ინფორმაციით ძალიან პოზიტიური შეფასებები მოყვება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას. ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი არის მართლაც ისტორიული, ვინაიდან მოხდება პარაფირება ასოცირების შეთანხმების და დაიწყება ევროკავშირში ინტეგრაციის უაღრესად მნიშვნელოვანი, საკმაოდ შრომატევადი და ასევე, გამოწვევებით დატვირთული პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებამდე. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყება პარაფირებით, მომავალ წელს მოხდება ხელმოწერა და შემდგომ უკვე ძალაში შევა ეს შეთანხმება." განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ბრიუსელში გამგზავრებამდე.