საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა. მაია ფანჯიკიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მიხაილ მიკოვს და ბულგარეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს იანაკი სტოილოვს შეხვდა.
შეხვედრებზე ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების გზაზე აღინიშნა საპარლამენტათაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა. როგორც ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ისე საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.
საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.