საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ნიკოლ ბრიკის შეხვედრაზე, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომლებიც ფრანგული მხარის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება. მათ შორისაა, სამთო კურორტების განვითარება. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სამთო რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე, რომლის საფუძველზეც მოხდება სამოქმედო გეგმის განხორციელება.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგი კოლეგა 2014 წელს მესტიაში სამუშაო ვიზიტით მოიწვია, სადაც, ფრანგული მხარის მხარდაჭერით, საბაგირო გზის მონტაჟი მიმდინარეობს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგირო გზების მშენება-რეაბილიტაციის საკითხების გარდა, ფრანგული მხარე ასევე აქტიურად მონაწილეობს საქართველოში საქალაქთაშორისო საავტობუსო გადაზიდვების სისტემის სრულყოფასა და სხვა სატრანსპორტო პროექტებში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და PROPARCO-ს (AFD-ს კერძო სექტორის ფრთა) დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებისა და შემდგომ, თბილისში რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობაზე.
მასალის გამოყენების პირობები