კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით, ანუ 100.4 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 9.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 84.5 მლნ ლარით (2.5 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.8 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 908.2 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით ანუ 8.7 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.4 პროცენტით ანუ 14.7 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 48.0 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 4.6 პროცენტით ანუ 102.2 მლნ ლარით გაიზარდა და 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 17.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი ნოემბრისათვის 839.1 მლნ ლარით განისაზღვრა (9.6 პროცენტით ანუ 89.2 მლნ ლარით ნაკლები პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით); 8.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 390.2 მლნ ლარია (11.9 პროცენტით, ანუ 52.6 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 73.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2013 წლის ოქტომბრის განმავლობაში 2.2 პროცენტით ანუ 95.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 4.4 მლრდ ლარს მიაღწია.