იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვით იგი მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.
"იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო შემდეგი: გასულ წელს ჩემს წარდგენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საზოგადოება დადებითად შეხვდა, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ინტერესი, რაც მოჰყვა ჩემს ხელახლა წარუდგენლობას ამ პოზიციაზე. ასევე ბუნებრივად მიმაჩნია შეკითხვების გაჩენა მათგან, ვინც მიცნობს როგორც ადამიანს, მენეჯერს და იურისტს. განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა. გადაწყვეტილებებს ვიღებდი ყოველთის გაბედულად, თუმცა საკითხის სათანადოდ აწონ-დაწონვისა და გაანალიზების შემდეგ. მსურს კმაყოფილებით გავიხსენო მუშაობის ეს წელი სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებთან, უპირველეს ყოვლისა კი - იუსტიციის სისტემის მუშაკებთან.
მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავადასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ვერ შევძლებდი მემუშავა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს გაწეული თანადგომისათვის.
მჯერა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმით, გონივრული, ჯანსაღი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეძლებს იუსტიციის სამინისტრო წარმატების მიღწევას, იმ ურთულესი ამოცანებისა და განსახორციელებელი საკითხების გადაწყვეტას, რომლის წინაშეც ის დგას", - ნათქვამია განცხადებაში