პარტიის პოლიტიკური არჩევანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ადგილი არის იქ, სადაც ტრადიციული ევროპული დემოკრატიები თანაარსებობენ.
"პარტიის პოლიტიკური არჩევანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც აუცილებლად მიაჩნია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატების ძირითადი წინაპირობებია დემოკრატიული ღირებულებების უპირობო დანერგვა და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა. საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობას, კერძოდ, საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანას პარტია განიხილავს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა. პარტია მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ადგილი არის იქ, სადაც ტრადიციული ევროპული დემოკრატიები თანაარსებობენ. პარტიის სტრატეგიული მიზანია, საქართველო გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი. პარტია მიისწრაფვის თავის მთავარ მოკავშირესთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ და საქართველო-ამერიკას შორის დადებულ ქარტიას განიხილავს როგორც ქვეყნის ვალდებულებას, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ღაიბაშვილმა.