მე გაძლევთ სიტყვას, რომ სულ ცოტა ოცი წელი, მთელ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,
"მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იდგება, არავის დავამადლი რჩევებს და არც კრიტიკას მოვაკლებ ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებს.
მე, თქვენთან ერთად, არ დავიღლები ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის იმის შეხსენებით, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით, რომ კანონები მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად გვჭირდება და არა მეტი შეზღუდვებისთვის, რომ სამართალიანობა მართალის ძლიერებას ნიშნავს და არა ძლიერის სიმართლეს.
მე ძალისხმევას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩვენ პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. როცა საზოგადოება პროგრესულია, მხოლოდ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩემი ქართული ოცნება! ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყნის პროგრესული საზოგადოება. მე ამის მჯერა! ", - განაცხადა ივანიშვილმა.