ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. ჯილდო ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის დელეგაციამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კიმ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბიძინა ივანიშვილს მიღებისათვის, მისი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში.
თავის მხრივ ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის წევრებს ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს.
მსოფლიო იურისტთა ასოციაცია წელიწადში ერთხელ, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ორ - საერო და სასულიერო პირს არჩევს და აჯილდოებს. სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვთ რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა პირებს.
მასალის გამოყენების პირობები