საქართველოში წარმოებული ყავის სახე შესაძლოა მონიკა ბელუჩი ან ანდრეა ბოჩელი გახდეს. საწარმოს, რომელსაც ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი 2015 წლის პირველ ნახევარში გახსნის, რეკლამირებას ცნობილი სახე გაუწევს.
ბიზნესმენი მისი ახალი წამოწყების სარეკლამო სახედ მონიკა ბელუჩისა და ანდრეა ბოჩელის მოწვევას ამ ეტაპზე „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ მოლაპარაკებები ცნობილ სახეებთან უკვე დაწყებულია.
„სახედ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი განიხილება. თუმცა დეტალურად ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. მოლაპარაკებები ძალიან ბევრ ადამიანთან გვაქვს, თუმცა კონკრეტულად ვერ გეტყვით",- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ცეზარ ჩოჩელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელის მოწვევით მონიკა ბელუჩი საქართველოში უკვე იმყოფებოდა, თუმცა თავად ბიზნესმენი ფაქტს უარყოფს.
ბიზნესმენის განმარტებით, საწარმოს მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2015 წლისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის ბიზნესმენი 23 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის ცეზარ ჩოჩელი პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს და სამომავლოდ ყავის ექსპორტს სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.