საქართველოსა და პოლონეთს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის ტრანსპორტის, მშენებლობისა და საზღვაო ეკონომიკის მინისტრი სლავომირ ნოვაკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.
შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებასა და ,,საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის" შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.
საზღვაო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების მიზანია მხარეებმა ხელი შეუწყონ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას და ერთობლივად აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ნაოსნობა საქართველოსა და პოლონეთის ნავსადგურებს შორის.
„მიხარია, რომ შევხვდით საქართველოს ვიცე-პრემიერს, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკასა და მათ შორის სატრანსპორტო საკითხებზე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პოლონეთის გამოცდილებაზე ინსფრაქტრუქტურის განვითარების კუთხით. საქართველოს სურვილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ მისწრაფებას პოლონეთის მთავრობა მხარს უჭერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ერთ წელიწადში გააფორმებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას," - განაცხადა პოლონეთის ტრანსპორტის, მშენებლობისა და საზღვაო ეკონომიკის მინისტრმა, სლავომირ ნოვაკმა.
პოლონეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვივნენ ამ ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უმსხვილესი კომპანიები - TINES SA და PESA SA, რომლებიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს სხვადასხვა სატრანსპორტო უწყებებთან - სს ,,საქართველოს რკინიგზასთან", შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან.
დღეს, 13 ნოემბერს პოლონეთის დელეგაციამ მოინახულა ,,ბაქო - თბილისი - ყარსის" პროექტის მიმდინარე სამშენებლო პროცესებს თეთრიწყაროს რაიონში.