დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბადაგაძე ლეიბორისტების წარმომადგენელს სოსო შატბერაშვილს სასამართლოში უჩივლებს.
ამის შესახებ განცხადება ბადაგაძემ დღეს სესიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას შატბერაშვილმა ცილი დასწამა და აპირებს ამ ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივლოს.
ამასთან იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ცხოვრობს გაჭირვებულად, აქვს კრედიტები და შატბერაშვილის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ როდესაც თავად შატბერაშვილი ფუფუნებით ცხოვრობს.
"მე ვუჩივლებ სასამართლოში და ამ გზით ვაიძულებ ვინმე შატბერაშვილს გაყიდოს საკუთარი 80 ათასი დოლარის ღირებულების ტოიოტას მარკის ჯიპი და ევრორემონტიანი ბინა თბილისში და ჩემს მსგავსად აიღოს საქართველოს ბანკიდან კრედიტები იპოთეკური სესიხის საშუალებით, საკუთარი ცოლ-შვილი აცხოვროს ორ ოთახიან ხრუშოვკაში" - განაცხადა კობა ბადაგაძემ. ამასთან მან შატბერაშვილი იმაშიც დაადანაშაულა, რომ არ იცის დუშეთში რა გაკეთდა და რა არა.
როგორც იგი აღნიშნავს შატბერაშვილი მას ადანაშაულებს იმაში რომ წინასაარჩევნოდ დუშეთის მოსახლეობისათვის მიცემული პირობები არ არის შესრულებული. ბადაგძის თქმით, ამ პირობებიდან 80 პროცენტი შესრულებულია და "დუშეთი მართლაც ედემს დაემსგავსა".
აღსანიშნავია ისიც რომ ბადაგაძე სოსო შატბერაშვილს "ვინმეთი" მოხსენიების ღირსადაც არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ იგი არის "ვინმე კი არა რაღაც რომელსაც ძვალი არ აქვს" - განაცხადა ბადაგაძემ.
ბადაგძეს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და კორექტულობისკენ მოუწოდა.
შატბერაშვილის დაცვა კი ჯონდი ბაღათურიამ და ნუგზარ ერგემლიძემ სცადეს, რომლებმაც განაცხადეს რომ სოსო შატბერაშვილს ნამდვილად არ აქვს ევრორემონტიანი სახლი და 80 ათას დოლარად შეფასებული მანქანა.
"იგი ნამდვილად პატიოსანი ადამიანია და არ ღირს ასეთი განცხადებების გაკეთება" - განაცხადა ბაღათურიამ.