არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, ეს შესაძლოა გახდეს კარგი დასაწყისი იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობის დონე დაიწიოს.
მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების აუცილებლობაზეც, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო არჩეულ დასავლურ კურსს არ გადაუხვევს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი განსაკუთრებულად გაახარა რუსეთის პატრიარქის მილოცვამ, რადგან ურთიერთობები უნდა განაახლონ ხალხმა და სასულიერო პირებმა, ხელისუფლებამ კი ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.
"უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯი დაძაბულობის კლების კუთხით, ვთქვით რომ რუსეთი მიუხედავად იმ პრობლემისა, რაც არსებობდა, არ წარმოადგენს საქართველოსთვის აგრესიის ობიექტს. განვაცხადეთ, რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესოიული ურთიერთობიდან რაციონალურ ჩარჩოებში და გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, გავგზავნეთ მისიით ბატონი ზურაბ აბაშიძე პრაღაში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკური და კულტურული კავშირების მიმართულებით, ვთქვით, რომ მივიღებთ მონაწილეობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში რუსეთის ისტორიაში - ოლიმპიადაზე და ჩვენ მოვხსენით დაძაბული ფონი,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.