სრულიად წარმოუდგენელია ეს, მე მას მოვუწოდებ, რომ მოეგოს გონს და ჩამოსხსნას ეს დროშა იქიდან,- ასე გამოეხმაურა ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალი მდივანი ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე გულის გამოსახულებიანი დროში აღმართვის ფაქტს.
იმერლიშვილის თქმით, აღნიშნული სასახლე არ არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრება, ის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის სამყოფელს წარმოადგენს და დაუშვებელია მასზე რომელიმე სხვა დროშის აღმართვა გარდა სახელმწიფო დროშისა.
"პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო კვირას იმყოფება ამ შენობაში. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ელოდება ალბათ მისი ემოციური ფონის გამძაფრებას ბოლო კვირის განმავლობაში, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო დროშა შეურაცხჰყო, ის რომ სახელმწიფო სიმბოლიკები შეურაცხჰყო და ამ შენობაზე, რომელიც არ არის მისი პირადი სასახლე, ეს არის პრეზიდენტის სასახლე და აღმართა გულებიანი დროშა, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ თეთრი სახლის შენობაზე ფრიალებდეს სხვა დროშა და შემდეგ გამოდიოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და გვეუბნებოდეს, რომ კლიპის გადაღება მიმდინარეობს,"- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.