საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატი გახდება.
ნადირაშვილის თქმით, ამ ტენდენციაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ მთავარ პროკურორად ფარცხალაძის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა გაავრცელა და არა - იუსტიციის სამინისტროსი.
"რამდენიმე თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა კბილაშვილის მაკონტროლებლად დანიშნა მისი მოადგილე გაბიტაშვილი, ამ მექანიზმმა ჯეროვნად ვერ იმუშავა და დღეს უკვე ფარცხალაძე, ირაკლი ღარიბაშვილის კადრი ინიშნება მთავარ პროკურორად. ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რომ პროკურატურა როგორც ბუნებით არის მაკონტროლებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ამ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და ის გახდება უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატი. ამ ტენდენციაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ თქვენ ინდფორმაცია ახალი მთავარი პროკურორის შესახებ მოგაწოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა და არა - იუსტიციის მინისტრმა, რაც ბუნებრივი იქნებოდა თავისთავად. ვიცნობთ თუ არა ამ პიროვნებას, ყველამ ვიცით ვინ არის ეს ფარცხალაძე, ის არის ავტორი იმ გახმაურებული სპეცოპერაციის, როდესაც საქართველოში იყო რასმუსენი, მას თბილისიდან წასვლაც არ აცადეს და 22 საკრებულოს წევრი და გამგებელი დაიჭირეს, ქალაქის ქუჩებში ასეირნეს, დაკითხვაზე მიიყვანეს, გამოუშვეს და მერე ისევ დაიჭირეს. ასე რომ მის პოლიტიკურ ალღოზე შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.