ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ჯეკ ტვის ქორლეს ვან უფორდთან, ასევე, პარლამენტარებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,მათ შორის, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. აღსანიშნავია ჰოლანდიის მთავრობის წარმომადგენლისა და ჰოლანდიელი პარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისათვის ქვეყანაში წარმატებულად ჩატარებული არჩევნების მილოცვა.
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის სამიტის მოახლოვებასთან ერთად პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლაზე. თავის მხრივ, ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. „პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენს და მხარს უჭერს ამავე შეთანხმებების უახლოეს პერიოდში, მომავალი წლის განმავლობაში ხელმოწერას."-განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.
ალექსი პეტრიაშვილი ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჰააგის ლეიდენის უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას მოდერაციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი უწევდა.