,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენან" საუბარში წიკლაურმა განაცხადა, კბილაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
,,არა მგონია, კბილაშვილს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მომავალი პრემიერ ღარიბაშვილის გუნდში კბილაშვილის ადგილი არ მოიძებნა. ვფიქრობ, სახელისუფლებო გუნდის მთავარი პიარპოლიტიკური აქცია, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუნდთან, რომ ისინი წარმოეჩინათ კალიბანებად ჩავარდა", _განაცხადა წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, არჩილ კბილაშვილის ბრალი არ არის, რომ ვერ მოახერხა გახმაურებული საქმების გახსნა, რადგან ამგვარი დანაშაული ბუნებაში რეალურად არ არსებობდა.
,,მე არ ვიცი რას გულისხმობთ ტერმინში სამართლიანობის აღდგენა. უკვე ერთი წელია სამართლიანობის აღდგენაზე მიმდინარეობს საუბარი, რომელესაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს. სინამდვილეში ვხედავთ რომ წარდგენილია კონკრეტული ბრალი, მაგრამ ვერც ერთი, პრაქტიკულად, კრიტიკას ვერ უძლებს. ის, რომ კბილაშვილმა გახმაურებული საქმეები ვერ გამოიძია მისი ბრალი არ არის, აქ პრობლემა ის არის რომ, უბრალოდ საქმეში არ იყო ის რაზეც სახელმწიფოს მაღალჩინოსნები საუბრობდნენ. კბილაშვილის არ შეეძლო გამოეძიებინა ის რაც ბუნებაში რეალურად არ არსებობს", _განაცხადა წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, არჩილ კბილაშვილი საქართველოს ისტორიაში არის ყველაზე სამარცხვინო პროკურორი, რომლმაც სამარცხვინო ხელშეკრულება გააფორმა ვლადიმერ ბედუკაძესთან.