საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან გადამგარი არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა და სამოქალაქო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა, მას არაერთხელ უსაუბრია მასთან იმის შესახებ, რომ მისი საადვოკატო და საპროკურორო გამოცდილებით, მისი ცოდნითა და ადამიანებთან დაგროვილი ურთიერთობების გამოყენებით, მასთან ერთად დამეტოვებინა თანამდებობა და გადასულიყო სამოქალაქო სექტორში, რათა მხარში ამოდგომოდა აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს.
როგორც კბილაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, იგი იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც პრემიერის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ საუკეთესოდ მიაჩნია.
"პირველ რიგში, ეს ზნეობრივი ნაბიჯია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარი სიცოცხლისა და სხვა პირადი სიკეთის მსხვერპლად გაღების ფასად ქვეყანა მრავალი განსაცდელისაგან იხსნა და ახლა ხელისუფლების მწვერვალზე ყოფნისას მისი თანამდებობიდან წასვლა ადასტურებს, რომ მისი ბრძოლა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა; მეორე, ეს ვაჟკაცური ნაბიჯია: არ ჩავარდე ხელისუფლობით ტრფობის ხიბლში და დატოვო ის ძალაუფლების ზენიტში - ეს ვაჟკაცობაა. მსოფლიოს უახლეს ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს. მესამე, ამ ნაბიჯს ქვეყანაში დემოკრატია ახალ ხარისხში აჰყავს. ბიძინა ივანიშვილი გამორჩეული ავტორიტეტია. მისი სახელისუფლებო გუნდიდან წასვლა მის გუნდს თანასწორთა გუნდად გადააქცევს და გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულობის ხარისხს გაზრდის; მეოთხე, ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა არის მაგალითი მისი გუნდის ყველა წევრისათვის რათა კარგად იქნეს გაცნობიერებული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მათთვისაც დროებითია და თანამდებობა ბოროტად არ გამოიყენონ, იმისათვის, რომ საზოგადოებას არ მოწყდნენ და საზოგადოებაში უკან დაბრუნების საშუალება დარჩეთ. ამ, და კიდევ სხვა მოსაზრებათა გამო, მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ნაბიჯი თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არამარტო ვაჟკაცური, არამედ დროული და გონივრული გადაწყვეტილებაცაა. ვინც ამ კაცს იცნობს დამეთანხმება, რომ მისი დარწმუნება ყოველთვის ძნელია და ყოველ ჯერზე იგი მეუბნებოდა, რომ თანამდებობის დატოვება ჩემთვის ნაადრევია. მე კი ვფიქრობ, რომ თანამდებობაზე ჩემი მოსვლა მოხდა ნაადრევად, რადგან წინა რეჟიმს რომ მართლმსაჯულების კარი უხეშად არ ამოეგმანა არც პოლიტიკისაკენ და არც თანამდებობისაკენ გამხედავი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში 41 წლის ასაკში, როგორც ეს ჩემს სინამდვილეში მოხდა. თანამდებობაზე ყოფნა უდაოდ პრესტიჟია, თუმცა იგი ჩემთვის ღირებულებას არ წარმოადგენს,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.