ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაახლოებით ერთ თვეში, მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს გაიმართება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ჟენევაში მოლაპარაკებების 25-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ჟენევის მოლაპარაკებების ჩატარებული რაუნდი კარასინის განცხადებით, უშედეგო გამოდგა, ვინაიდან მასზე კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების გზაზე წინ ვერ წაიწიეს. კარასინმა ამაში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.
„ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ეს ფორმატი ძვირფასია", _ განაცხადა კარასინმა.