მინდა გითხრათ, რომ ამჯერად ჟენევაში წამოსვლისას ძალიან იმედიანად ვიყავი განწყობილი, რაც საქართველოს ხელისუფლების ტონის შერბილებამ განაპირობა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კარასინის თქმით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველი განცხადება მოწმობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ღია კონფრონტაციის პერიოდი უკან დარჩა და დადგა მსჯელობისა და იმაზე ფიქრის დრო თუ როგორ უნდა ავაგოთ ურთიერთობები მომავალში.
"დადგა დრო იმაზე ფიქრის, თუ რა სახის ურთიერთობების აწყობას აპირებს თბილისი ცხინვალთან და სოხუმთან, რა როლი აკისრია ჟენევის დისკუსიებს ამ მხრივ. საერთო ჯამში კარგი შესაძლებლობა გვაქვს სიტუაციას ახლებურად შევხედო, თუმცა ილუზიები არავის აქვს,"- განაცხადა კარასინმა.
რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის საკითხს, კარასინის თქმით, რუსეთი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და ქართულ მხარეს ამ დოკუმეტზე ხელის მოსაწერად კონსულტაციების გავლა "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოუწევს
"თქვენთვის ცნობილია პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ არ ვიყავით კონსლიქტის მხარე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი იურიდიული და მორალური უფლება გავაკეთოთ გარკვეული სახის განცხადებები, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ ჟენევის დისკუსიის უშუალო მონაწილეებს შეადგინონ ერთობლივი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ,"- განაცხადა გრიგორი კარასინმა.