ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა და ევროკავშირის კომისარმა გაფართოვების საკითხებში - შტეფან ფულემ მოუწოდეს საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, მხარი დაუჭიროს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს და "ითანამშრომლოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის, ოპოზოციურ პარტიებთან, და ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური და მრავალპარტიული სულისკვეთებით საქართველოს რეფორმებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის ამბიციური პროგრამის შემდგომი წინსვლა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით."
"ევროკავშირის თანმიმდევრულმა გაფართოებამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ევვროკავშირთან დაახლოებას, მათი უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა უფრო და უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ევროკავშირზე, რამაც ჩამოაყალიბა ორივე მხარისათვის თანაბრად სასარგებელო ურთიერთობების ახალი დონე. ის ეფუძნება წამახალისებელ მიდგომას, რომელიც მზარდ პრივილეგიებს ანიჭებს და უფრო მჭიდრო ურთიერთობას უზრუნველყოფს იმ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომელთა ფასეულობათა სისტემა ახლოს დგას ევროკავშირის ფასეულობებთან (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სათანადო მართვა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება).
ბოლო დროს საქართველომ დააჩქარა საკუთარი წინსვლის პროცესი, და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე 28-29 ნოემბერს, მოსალოდნელია მის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტსაც. ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან ემყარება ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა (ENP) და აღმოსავლეთ პარტნიორობას. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, უპირველესად ყოვლისა, წარმოადგენს ორმხრივ პოლიტიკას ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის, რომელიც მდიდრდება და ივსება რეგიონალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის ინიციატივებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში".