ლიტვის სეიმის თავმჯდომარის ლორეტა გრაუჟინიენეს განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია მიიწვევენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ვილნიუსის სამიტზე.
გრაუჟინიენეს თქმით, ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი დეტალები დაზუსტდება, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი მიღებულ იქნება თუ არა ვილნიუსის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის მიწვევის გადაწყვეტილება.
"კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოს, რომელიც აჩქარებული ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ და თან კარგად აგვარებს შიდა პოლიტიკურ საკითხებს. ჩვენ აგრეთვე მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მისწრაფებას საერთო ენა გამონახოს ოპოზიციასთან,"- აღნიშნა ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ.
ვილნიუსის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიწვევის საკითხზე კომენტარი საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვა არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.