საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ლიტვაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან, ლორეტა გრაუჟინიენესთან გამართა.
შეხვედრის მთავარი თემები იყო: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები, ვილნიუსის სამიტის მოლოდინები და სამიტის შემდგომი პერიოდი.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ლიტვის სეიმის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. დავით უსუფაშვილის ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ვალერი გელაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, გიორგი ვაშაძის შემადგენლობით.
ლორეტა გრაუჟინიენემ და დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლიტვაში ვიზიტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ვილნიუსის სამიტზე.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ყველა იმ საკითხზე მსჯელობა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას. ლორეტა გრაუჟინიენემ და დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.