პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განაცხადების მიღებას იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბოლო პერიოდის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით ბევრი ადამიანი მიმართავს, რადგან მათ იუსტიციის სამინისტრო უარს ეუბნება.
სააკაშვილის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები და ახლა სურთ მოქალაქეობის მიღება და არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო დაკარგეს, რომ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც დიდი ხანია საქმიანობენ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამპლუაში კიდევ უფრო აქტიურად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და იმ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა აპირებენ ინვესტიციების ჩადებას.
"აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ხალხს გამარტივებული წესით მივანიჭოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს გარე სამყაროსთან.საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მომართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განაცხადები შემოიტანონ ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მისამართი: თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. #1,"- განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.