პარლამენტში ირინა იმერლიშვილს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიით ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი შეცვლის.
როგორც "ქართული ოცნების" იურიდიული სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო სიის თანახმად, იმერლიშვილის ადგილი კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა მერიკაშვილს უნდა დაეკავებინა, თუმცა მან პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და მუშაობას ამჟამინდელ პოსტზე გააგრძელებს.
"სიით უწევდა ქალბატონ მანანა ბერიკაშვილს, მაგრამ მოგეხსენებათ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია ქვეყნის სასიკეთოდ , ის არის საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის გააგრძელებს ამ თანამდებობაზე საქმინობას და აქედან გამომდინარე ქალბატონი დარეჯან ჩხეტიანი შევა პარლამენტში,"- განაცხადა თედო კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს და მუშაობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გააგრძელებს.
კანონის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ეცნობოს პარლამენტში საჭირო ცვლილებების თაობაზე, რის შემდეგაც ცესკო-მ იმერლიშვილის ადგილმონაცვლე პირს უნდა მიწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, რომ მას მუშაობა პარლამენტში მოუწევს, აღნიშნული პირის თანხმობის შემდეგ, პარლამენტი გასათავისუფლებელ დეპუტატს მანდატს მოუხსნის და მის ნაცვლად ცესკო-ს მიერ წარდგენლ კანდიდატს დაამტკიცებს. აღნიშნულ პროცედურებში გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობის ხმებიც საკმარისია.