უშიშროების საბჭოს მომავალი თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განაცხადებით, შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მის შემცვლელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმერლიშვილმა განაცხადა აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ღარიბაშვილმა დრო ითხოვა და მის შემცვლელს თავადვე დაასახელებს.
,,როგორც ვიცი ღარიბაშვილს მის შემცვლელთან დაკავშირებით გადაწყევტილება მიღებული არ აქვს. მან ითხოვა რამდენიმე დღე და შესაბამისად მის შემცვლელს თავადვე დაასახელებს, ისევე როგორც მისი დასასახელებელი იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობაც. ამიტომ ჯობია დაველოდოთ. იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილის შს მინისტრად ისეთივე წარმატებულ მინისტრს დაასახელებს როგორც თავად იყო ამ პოსტზე. ჯერჯერობით, შს მინისტრის თანამდებობა საჩქარო პოზიცია არ არის, რადგან ირაკლი ასრულებს მინისტრის მოვალეობას, იქამდე სანამ ინაუგურაცია გაიმართება და სანამ ახალი მინისტრთა კაბინეტი არ დამტკიცდება", _განაცხადა იმერლიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
იმერლიშვილის განმარტებით, მისთვის უცნობია განიხილება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად მისი მოადგილის ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა.
,, ნამდვილად არ ვიცი ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად განიხილება თუ არა გომელაურის კანდიდატურა. ჭორის დონეზე ბევრი რამ გამიგია, მაგრამ ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს", _განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა განიხილება.