დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლატვიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია და პირველი შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩთან გამართა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დავით დარჩიაშვილი.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაცით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, არჩევნები წარმატებით ჩატარდა, ,,რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტაგრაციის პროცესში". შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვილნიუსის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ მოხდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის პარაფირება არის პროცესის მხოლოდ დასაწყისი და მან ქართულ მხარეს შემდგომშიც თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო დელეგაციაში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის საერთო აზრია, რომ ,,საქართველოს სურს გააგრძელოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი". ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.