დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიია და სამოქმედო გეგმა განიხილა.
„შეხვედრა გაიმართა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. განვიხილეთ დევნილთა შემოსავლის წყაროების სტრატეგია, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება სტატუსთან დაკავშირებით. დოკუმენტი არის მაქსიმალურად რეალისტური. მე მათ მივეცი პირობა, რომ თუ პრობლემა იქნება მხოლოდ სტატუსი, ჩვენ ამ პრობლემას მოვხსნით და შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილოს ეს დოკუმენტი და გამოიცეს შესაბამისი განკარგულება. მე ვფიქრობ, რომ ამ გზაზე ეს ნაბიჯები არის სწორი და დაგვიანებით, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიტანს შედეგებს, დევნილები კი აქედან მიიღებენ მაქსიმალურ სარგებელს" - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
დოკუმენტში შეტანილია ცვლილებები და დამატებულია ახალი პუნქტებიც. ძველ დოკუმენტში არ იყო საარსებო წყაროების განმარტება. დოკუმენტის დღევანდელ ვერსიაში კი ტერმინი უკვე განსაზღვრულია. ასევე, დოკუმენტში შეტანილია შედეგების და შეფასების ნაწილიც.
შეხვედრაზე მინისტრი დავით დარახველიძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაზიარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი დოკუმენტი დამტკიცდება საქართველოს მთავრობოს მიერ.
დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის დამუშავებაში 70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.