7 ნოემბერს, 20:00-ზე, მწერალთა სახლში ალექსანდრე ლორთქიფანიძის ახალი პოეტური კრებულის "გამჭვირვალე" პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე იქნება დრეს კოდი, დამსწრე საზოგადოება 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელ სამოსში უნდა იყოს გამოწყობილი. ასევე აუცილებელია თითოეულმა თქვენგანმა თან იქონიოს თითო ნივთი, რომელიც 90-იანი წლების საქართველოსთან ასოცირდება.
საღამოზე გაიმართება ჯგუფ "მასკულტურას" კონცერტი.
"გამჭვირვალე" თანამედროვე ქართველი პოეტის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის მესამე პოეტური კრებულია, რომელშიც 2011-2013 წლებში დაწერილი ლექსებია გაერთიანებული. კრებულში ასევე შესულია სამლექსიანი ციკლი, რომელსაც პოეტი "ანა ბერია"-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა.
ყოფილი პოეტური ჯგუფის "ვარდისფერი ავტობუსის" წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე კრებულს "გამჭვირვალე" ხსნის "ჰოლოგრამით", რომელიც თაობისადმი მიძღვნილი ერთგვარი პოეტური მანიფესტია.
წიგნი გამომცემლობა „ინტელექტში" დაიბეჭდა.