უშიშროების საბჭოს მომავალი მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით,
ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად ახალი პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
იმერლიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს ხვალინდელ სხდომაზე პარტია "ქართული ოცნების" რესტრუქტურიზაციის საკითხსაც განიხილავენ.
"იცით, რომ ხვალ უმრავლესობა ვიკრიბებით პრემიერის კანდიდატურის განსახილველად და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მინისტრის კანდიდატურის განსახილველად, როგორც ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა ჩვენ. პრემიერი იქნება მინისტრთა კაბინეტიდან ერთ-ერთი მოქმედი მინისტრი და შესაბამისად, მისი ადგილიც ვაკანტური გახდება. საბოლოო ჯამში უმრავლესობა შეჯერდება ამ ვაკანსიაზე და მიიღება გადაწყვეტილებაც. არ არის საჩქარო, მაგრამ საკმაოდ ფორსირებულად ვაპირებთ მუშაობას, ვინაიდან იცით, რომ 27 ნოემბერს ვილნიუსის სამიტია და ჩვენ გვინდა, რომ ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც იქნება 17 ნოემბერს და ახალი პრემიერ-მინისტრიც ერთად გაემგზავრონ ვილნიუსის სამიტზე,"- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.