ყოფილი დეპუტატი და ექს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძის მიერ გაკეთებულ განაცხადებებს უცნაურს და არაარგუმენტირებულს უწოდებს.
როგორც ხოფერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საბოლოო შედეგებს ელოდება, თუმცა დადატურებულად შეუძლია თქვას, რომ ზურაბ ჟვანია ბუნებრივი აირით არ გაგუდულა და იგი მოკლეს.
"მე მოგეხსენებათ, არ ვარ ამ ფაქტის შემსწრე, თუმცა ყველა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მე მქონდა, ჩემი აზრით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მოკლულია. ცოტა უცნაური იყო ბატონი პეტრეს მხრიდან ასეთი დაჟინებული და არაარგუმენტირებული, საფუძველგამოცლილი განცხადების გაკეთება. ბატონი პეტრე მამრაძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც რაიმე დამადასტურებელ მასალასთან შეხება ჰქონდა,"- განაცხადა ხატუნა ხოფერიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გავრცელებულ ვერსიას ენდობა და მიიჩნევს, რომ ექს პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად მყოფი რაულ უსუპოვი ნამდვილად უბედური შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ.