საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მთლიანად დახარჯულია და ამის გამო, აღნიშნული ფონდი მომავალი 2 თვის განმავლობაში აღარ იარსებებს
მინისტრის თქმით, თუ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ მისი ფუნქციების შესასრულებლად თანხები დასჭირდება, ამას მთავრობა გამოყოფს.
"საქართველოს პრეზიდენტმა სრულად გამოიყენა მთელი წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები და დახარჯა ის 10 თვეში, ანუ მომავალი 2 თვის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აღარ იარსებებს. თანხების ძალიან დიდი ნაწილი მოხმარდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების და ყოფილი თანამდებობის პირების სწავლის დაფინანსებას, ასევე მათ სოციალურ დახმარებებს და ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი აღარ არის, თუ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ დასჭირდება სახსრები თავისი ფუნქციების შესასრულებლად და გადაუდებელი საჭიროებისათვის, ამ თანხებს გამოყოფს საქართველოს მთავრობა,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.