არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, «PR-ის გენიად» მიჩნეულმა სააკაშვილმა მორიგი გამაოგნებელი შეცდომა დაუშვა: თბილისის სანგრებთან ჩაწერილი მისი ინტერვიუ ნამდვილი კატასტროფა იყო ყველა თვალსაზრისით. ფაქტობრივად, იგი მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, თორემ სხვას ვის დაარწმუნებდა, რომ სანგრებით შეიძლება თბილისის დაცვა რუსული «ისკანდერებისა» და ბომბდამშნებისაგან? ხოლო თუ მათგან არ შეიძლება, მაშინ თბილისელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სულ ერთია, გადმოლახავენ იმ სანგრებს რუსული «Т-90» ტანკები თუ არა.
რასაკვირველია, იოლად გადმოლახავენ მცირე «საარტილერიო დამუშავების» შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობა იგულისხმება, თორემ თუ ამ სანგრებს მიშა და მისი გუნდი ბუნებრივ წინაღობად განიხილავდა, მაშინ სულ მთლად იდიოტიზმია: ტანკები ავტოტრასაზე ვერ გამოივლიან ან ვერ გამოივლიდნენ? ალბათ ბაჩო ახალაია იქნებოდა იქვე სადმე ნიჩბით ჩასაფრებული და უმალვე თბილისი- გორის გზატკეცილსაც გადათხრიდა.
სამარცხვინოდ წაგებული, გამანადგურებელი ომიდან 5 წლის შემდეგ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (როცა მოსახლეობის უმრავლესობას ომის საშიშროება თანდათან ავიწყდებოდა) ასეთი კატასტროფული შეცდომის დაშვება ბევრად უარესია, ვიდრე 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე ედუარდ შევარდნაძის ჩასვლა სამეგრელოში და ბოჩოლათა ფერება ტელეკამერების წინ.
თუმცა, «თხრილების ეპიზოდი» ძალიან ნიშანდობლივია იმის დასაზუსტებლად, რა ფსიქოლოგიური ტიპაჟი გვმართავდა 9 წლის განმავლობაში: ე.წ. «ვარდების რევოლუციიდან» - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და რამდენად ცდილობდა იგი საკუთარი, წარმოსახვითი სამყაროს შექმნას. თან თავადაც რომ იჯერებდა მის რეალობას?!
კლასიკური მაგალითია ის, რაც ხურჩაში მოხდა 2008 წლის 21 მაისს. თარიღს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, რაკი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა: იმ დღეს ქვეყანაში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. მიშამ და მისმა გუნდმა იცოდნენ, რომ არჩევნებს პირწმინდად იგებდნენ, რაკი «გრეჩიხებმა» იმედი გაუცრუეს მომხრეებს და პროტესტული ელექტორატი «არ მოვიდოდა». შესაბამისად, მეტწილად «მოვიდოდა» მიშას ამომრჩეველი და შედეგიც შესაბამისი დადგებოდა. ასეც მოხდა, თუმცა, «დამატებითი გარანტიების» ძიებამ იმდროინდელი ხელისუფლება სრული დეგრადაციის გზაზე დააყენა. როგორც ჩანს, «ყოველი შემთხვევისთვის» გადაწყვიტეს ისეთი აქციის მოწყობა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებდა ისტერიის ატმოსფეროს ქვეყანაში. ყველა გათვლით, ამგვარი ისტერია (როცა სამიზნე გარეშე მტერია) ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს თრგუნავს, აძაბუნებს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის ხალისსაც უკარგავს, ხოლო მის მომხრეებს პირქით - ააქტიურებს.
ზუსტად ამ მიზანს ისახავდა საბრალო გალელი ლტოლვილებისთვის ცეცხლის გახსნა, მათი ავტობუსის დაწვა წინასწარ ადგილზე მიყვანილი ტელეჟურნალისტების თვალწინ, ოღონდ ისე, რომ რეალურად არავინ მომკვდარიყო. თუმცა კინაღამ ესეც ვერ შეძლეს, რადგან ამ საზარელი და სისხლიანი სპექტაკლისას ერთი ქალი სერიოზულად დაიჭრა.
«აფხაზებმა და რუსებმა მოწყვესო». იმათ რა ოხრად სჭირდებოდათ? სამაგიეროდ, ამგვარი «შოკური მეთოდი» ხელისუფლებას მანამდეც გამოუყენებია: მაგალითად, 2006 წელს, - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, - «თეატრალურად» დააპატიმრეს რუსი სამხედრო. მზვერავები, შემდეგ გრანდიოზული სპექტაკლი მოაწყვეს და ქალ პოლიციელებს გადააცემინეს «ეუთოს» თავმჯდომარისთვის მთელი მსოფლიოს თვალწინ. ახლა რომ კითხულობენ: «პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ომის საბოლოო გადაწყვეტილება როდის მიიღოო». ზუსტად იმ დღეს მიიღო! მას შემდეგ მხოლოდ ემზადებოდა და თხრილები (ისევე, როგორც მითიური «მეექვსე ფლოტი შავ ზღვაში») ნამდვილად ვერ შეაჩერებდა, თბილისში შემოსვლა რომ სდომოდა.
საკითხავი მხოლოდ ისაა, ვინ მოიფიქრა ხურჩის საზიზღარი სპექტაკლის დადგმა, - თვით მიშამ თუ ადგილობრივმა «შეიარაღებულმა ლაქიებმა», რომლებსაც მუდამ ჰგონიათ, რომ პატრონის ინტერესები მასზე უკეთ იციან? ან იქნებ ეს ყოველივე «დიდი რეფორმატორი» ვანო მერაბიშვილის «გენიალობის» მორიგი გამოვლინება იყო?
თუმცა ფაქტია, იმ პროვოკაციამ შედეგი გამოიღო და ისედაც გადაღლილი მოსახლეობა ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო დაითრგუნა ისტერიული გარემოს შედეგად. ისიც გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ დღეებში, ანუ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, - როცა ბურჯანაძე «ოჯახის მეგობრების» სიაში ჩასმას მოითხოვდა, ხოლო მიშა არ თანხმდებოდა და გარდაუვალი სკანდალის PR-გადაფარვა სჭირდებოდა, - ისრაელში ნაყიდი უპილოტო თვითმფრინავები ისტერიული სიჯიუტით იგზავნებოდა აფხაზეთის დასაზვერად. მათ რეგულარულად აგდებდნენ, მაგრამ ახლები იგზავნებოდა და ასე გაუთავებლად.
მერე ძალიან უკვირდათ, რომ მოსკოვის პრეტენზიებით თავმობეზრებულმა ისრაელმა იმ «დრონ» - თა კოდები რუსებს გადასცა, ხოლო ქართველების უმრავლესობა რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით გარეწარი «კოჭოიას» მიერ ტერაქტის განხორციელებასაც კი აღარ იჯერებდა.
როცა საერთნაციონალური ისტერიის შექმნა წინასაარჩევნო ტექნოლოგიად მიგაჩნია, აღარც ის უნდა გაგიკვირდეს, რომ ადრე თუ გვიან გლდანის ციხის ზედამხედველის მაგვარი ურჩხული გამოგივარდება საიდანმე და შენივე მეთოდით დაგახრჩობს.
საბედნიეროდ, ახლა აღარ აქვს (იმედია აღარც ოდესმე ექნება) ძველებური შესაძლებლობები, თორემ თბილისის სანგრებთან გადაღებული კადრები მართლა ბავშვურად უწყინარ ანცობად მოგვეჩვენებოდა.
„ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე