ქართველი ჯარი და ქართველი ჯარისკაცები არასოდეს წავლენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ამ 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე დაამცირეს, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ ვინმე აბუჩად აიგდეს, ეს სწორედ ქართველი ჯარისკაცები არიან, ამიტომ ვიყოთ მზად, ვიყოთ მშვიდად, 4-ში ვიყოთ ძალიან ბევრნი და აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რუს ივანიშვილს და მის კორუმპირებულ მთავრობას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.
“ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ გაჟღერებული სცენარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, ბოლომდე ჩამოშლილია, მათ უდიდესი პრობლემა აქვთ სუს-შიც, გდდ-შიც, პოლიციაშიც, საგანგებოსა და ჯარის გამოყვანაშიც. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ჯარი და ქართველი ჯარისკაცები არასოდეს წავლენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ამ 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე დაამცირეს, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ ვინმე აბუჩად აიგდეს, ეს სწორედ ქართველი ჯარისკაცები არიან, ჩვენი ვაჟკაცი მეომრები არიან, გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ძმები რომელაშვილები, რომლებსაც ამცირებდნენ წლების განმავლობაში. 13 წელია ერთი აღლუმი არ ჩაუტარებია ივანიშვილს, იმდენად სძულს და ეზიზღება ქართველი ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ, ვიყოთ მზად, ვიყოთ მშვიდად, 4-ში ვიყოთ ძალიან ბევრნი და აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რუს ივანიშვილსა და მის კორუმპირებულ მთავრობას,” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. „საქოცეთში დიდი ამბები იგეგმება:
მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გადაჰყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, სადაც მისი ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება.
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი (გეკას რეკომენდაციით), ინიშნება თავდაცვის მინისტრად. აქ კიდევ უფრო დიდი სტრატეგია აქვთ გათვლილი (კლიმენტი ვოროშილოვის მიხედვით), თუ შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, გეგმავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვას,“- აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.