დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-სექტემბერში 2596 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-სექტემბერსთან შედარებით 9 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1122 მლნ. აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1473 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (0,3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 56 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 10 პროცენტი (2012 წლის იანვარ-სექტემბერში 14 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 63 პროცენტით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5566 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-სექტემბერში 3548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.