2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2022 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 373 მლნ. აშშ დოლარი იყო (43 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1649 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები). „საქსტატში" განმარტავენ, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 18 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 27, 15 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-სექტემბერში 38 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5566 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-სექტემბერში 3548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.