ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფელ დვანში აქცია სახელწოდებით - "მავთულხლართები ომია, შეაჩერეთ!" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ევგენი რუხაძემ აღნიშნა, საპროტესტო შეკრებაში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და ახალგაზრდულ პარლამენტის წევრები მიიღებენ.
აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ კორპუსთან უკვე იკრიბებიან და დვანის მიმართულებით 12:00 საათზე გაემართებიან.
"ჩვენი მიზანია შევახსენოთ მსოფლიოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ 21-ე საუკუნეში მავთულხლართები და ოკუპაცია დაუშვებელია. ასევე, გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ადგილობრივ მოსახლეობას და დავგმოთ ბოლო პერიოდში იქ განვითარებული მოვლენები,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ევგენი რუხაძემ.
დვანში დაგეგმილ აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები და საპროტესტო გზავნილებიც იქნება წარმოდგენილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება და 1 საათს გასტანს.