"თავად განხილვის პროცესიც ამ კანონისა, უკვე აზარალებს საქართველოს იმიჯს,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში ცვილებების შეტანის საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.
"საქართველოში დღეს ქვეყნიდან გასვლის შეფერხება ხდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თუ ადამიანზე არის ძებნა, თუ ადამიანს აქვს ყალბი საბუთები და ასე შემდეგ. არანაირი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანს ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, საქართველოში არ არის და ვერ იქნება. ეს არის პირდაპირ დაბრუნება საბჭოთა საქართველოში. ეს არის პირდაპირ დაბრუნება საბჭოთა კავშირში. შესაბამსად, ჩვენ უმცირესობის სახელით და "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ არც კი დაიწყონ ამ კანონის განხილვა,"- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებეების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა, უარი ეთქვას.
ცნობისთვის, კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. კონსტიტუციაში არნიშნულია, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.