"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის განცხადება უბრალოდ პოპულისტური განცხადებაა და მან მე მგონი, უკვე დააგვიანა,"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე სათანადო რეაგირებისთვის თანამშრომლობას სთავაზობს.
"ის, რაც ხდება დვანში და დიცში, ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ჩართული გვყავს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები. ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ყველას მაქსიმალურად აქვს მიწოდებული ინფორმაცია თუ რა არის რეალობა, რა კეთდება,"- განაცხადა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული.
"ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ. ამიტომ ახლა არ არის ქიშპობის დრო, მე მზად ვარ, დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია! ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყობრად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ! მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ, ძალა ერთობაშია, ჩვენ რუსეთის ამ მცოცავ ანექსიას აუცილებლად შევაჩერებთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
.