,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ NDI-ის კვლევამ ორი მთავარი ფაქტორი გამოაჩინა, ის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება მეორე ტური, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალა კი ,,ნაციონალური მოძრაობაა".
,,NDI-ის კვლევამ აჩვენა ის, რომ საპრეზიდენტო არჩვნებზე იქნება მეორე ტური და მთავარ ოპოზიციურ ძალა ,,ნაციონალური მოძრაობაა.". ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა მთელი ერთი წლის განმავლობაში ტერორისა და დაშინებით ცდილობდნენ ჩვენი პარტია საერთოდ გამქრალიყო პოლიტიკური არენიდან. მიუხედავად ამისა, საზოგადოების განწყობა არის იმგვარი, რომ სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობა" მიაჩნიათ მთავარ ოპოზიციურ ძალად", _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაური.
მისივე განცხადებით, კვლევის მიხედვით კარგად გამოჩნდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქარაძის რეიტინგი მზარდია.
შეგახსენებთ, NDI-მ დღეს მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგები გააცნო. კვლების მიხედვით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გამოკითხულთა 39% გიორგი მარგველაშვილს, 18% დავით ბაქრაძეს, ხოლო რესპონდენტთა 7% ნინო ბურჯანაძეს ისურვებდა. კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).