გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის პარალელურად, ნიუ-იორკში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ტრადიციული, არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრას ევროპის 28 ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ვილნიუსის სამიტისთვის დასახულ მიზნებსა და სამიტის შემდგომ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგანაც ვილნიუსის სამიტის წინ ჩვენ ვსარგებლობთ ყველა შემთხვევით, რომ ჩვენს კოლეგებთან განვიხილოთ აქტუალური თემები. ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ პერიოდზე და ჩვენს მოლოდინებზე. როგორც იცით, სამიტიდან რამდენიმე თვეში ჩვენ ველით ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხლეს საქართველოში გასამრთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.