აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით „თბილისი არტ-ჰოლში"აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღნილი საღამო „სექტემბრის ნაკვალევზე" მოეწყობა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის, საქართველოს თავდაცვისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და პატივ მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
საღამოზე ნაჩვენები იქნება ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.
საღამო ნონა გიუნაშვილის ინსტალაციით „ქვიშით მოთხრობილი აფხაზეთის ომისა და მშვიდობის ისტორია" დასრულდება.