დღეს, დევნილთა კომპაქტურ დასახლება ხურვალეთში, 45 ოჯახს წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადაეცა.
ღონისძიებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. ღონისძიებზე ასევე იმყოფებოდნენ პროექტზე მომუშავე კომპანიების - "ნეტაფიმის" და USAID-ს წარმომადგენლები.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ხდება ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ და ნათლად შეიძლება ნახვა, რომ ამ ხელოვნური საზღვრის აქეთ ცხოვრება ვითარდება მათ შორის სოფლის მეურნეობა და დევნილთა შემოსავლის წყაროები. ხოლო, მეორე მხარეს არის ის მდგომარეობა, რომელიც მიუღებელია საზოგადოებისათვის საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მსოფლიოში. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში შეწყდება ასეთი ხელოვნური საზღვრების აღმართვა და ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხი და ზოგადად ყველა ვიცხოვრებთ შეხმატკბილებულად" - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის, საქართველოში ისრაელის საელჩოს, Bar-Lev-Net ჯგუფის (წვეთოვანი სარწყავი სისტემების ებრაული მწარმოებელი კომპანია Netafim-ის წარმომადგენელი საქართველოში) და ქართული საკვების დისტრიბუტორი კომპანია Eco Farm-ის თანამშრომლობით და ემსახურება ხურვალეთის, ბერბუკისა და შავშვების დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ფერმერების პრობლემების მოგვარებას.
რიჩარდ ნორლანდი - „პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ საქართველოში სხვადასხვა სფეროების განვითარებას შეუწყოფს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ისრაელთან ერთად ახორციელებს ამ პროექტებს, ეს ნამდვილი ტრაგედიაა, რომ ფერმერები ვერ ახერხებენ საკუთარ მიწაზე თავისუფლად გასვლას და მათ საკუთარი მიწა-წყლის ნახვა არ შეუძლიათ. საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. თანამედროვე სამყაროში ჩვენ ბარიერებს არ უნდა ვაშენებდეთ, ბარიერებს უნდა ვანგრევდეთ".
აღნიშნული ერთობლივი ინიციატივა, თანამედროვე სარწყავი სისტემების მიწოდების გარდა ბოსტნეულის ჩითილების, ტრენინგსა და ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტექნიკურ დახმარებას მოიცავს. ასევე, ითვალისწინებს წარმოებული ბოსტნეულის დისტრიბუციისა და რეალიზაციის მიზნით მუდმივ შემსყიდველებთან კავშირების დამყარებას.
„მადლობა ამერიკის საელჩოს, რომ ამ პროექტშია ჩართული ისრაელის სახელმწიფო მუდმივად დაეხმარება საქართველოს დევნილთა პრობლემების მოგვარებაში. ამ პროექტებით ჩვენ ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და იმედია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მათ საშუალება ექნებათ, რომ ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში საკუთარი მეურნეობა ისევ ჰქონდეთ" - განაცხადა ისრაელის ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები