"ჩვენთვის ძალიან რთული გასაგებია ლოგიკა, თუ რატომ არის დაკავებული ვანო მერაბიშვილი,"- ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა გუნარ ჰოკმარკმა ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვეროპელი დეპუტატების ვიზიტი 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და როგორც მათ აღნიშნეს, "არასერიოზულია ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში რჩება და მის დაკავებასთან დაკავშირებითაც არსებობს ბევრი კითხვა".
"ახლახანს მოვინახულეთ ბატონი ვანო მერაბიშვილი. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შევეცადეთ გაგვეგო ის ლოგიკა, რატომაც არის ის დაკავებული. ჩვენთვის ეს პრინციპში, ძალიან რთული გასაგებია. აუცილებელია იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა, მათ შორის იმ მხრივ, თუ როგორ ეპყრობიან მას დაკავების შემდეგ. აუცილებელია, რომ ის დროულად წარსდგეს სასამართლოს წინაშე. თუ ვითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს,"- განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი უკვე 4 თვეა საპყრობილეში იმყოფება. მას ბრალად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტება ედება. ამასთან, გამოძიება მერაბიშვილს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას ედავება.