ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სოხუმში ფრანგ რეჟისორსა და მხატვარს ერიკ ბოდლერს შეხვდა. ბოდლერი აფხაზეთის შესახებ დოკუმენტალურ ფილმს იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„ფილმი ევროპელი მაყურებლის წინაშე წარსდგება. მისი პრეზენტაცია მომდევნო წელს პარიზში და ბერგენში (ნორვეგია) გაიმართება.
ვფიქრობ, რომ აფხაზეთის შესახებ ფილმი პრესის ყურადღებას მიიპყრობს, ასევე გამოიწვევს ინტერესსა და დისკუსიებს ევროპულ საზოგადოებაში", _ განაცხადა ბოდლერმა.
ვიაჩესლავ ჩირიკბამ შეხვედრაზე ამგვარი პროექტების დიდი მნიშვნელობა აღნიშნა, „ვინაიდან ისინი აფხაზეთისათვის საკვანძო საკითხს, საერთაშორისო აღიარებისადმი ყურადღებას იპყრობს".
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროპაში აფხაზეთის ობიექტურად წარმოჩენას", _ განაცხადა ჩირიკბამ.
აღსანიშნავია, რომ ერიკ ბოდლერი ცნობილი ფრანგი პოეტის შარლ ბოდლერის შთამომავალია.