თუ 1-ელ ნოემბრამდე, კონკურსის წესით შერჩეული ინვესტორი აჭარაში ციტრუსის შემფუთავი და დამხარისხებელი საწარმოების მშენებლობას ვერ განახორციელებს, მაშინ მას სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ჩამოერთმევა. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა, თუ კომპანიებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები და 1-ელ ნოემბრამდე საწარმოების მშენებლობას ვერ დაასრულებენ, მაშინ არსებული კონტრაქტის თანახმად, სახელმწიფოს ქონება უკან დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან აჭარაში ციტრუსის შემფუთავი და დამხარისხებელი საწარმოების მშენებლობის სურვილი 18 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც შესაბამისმა კომისიამ 12 კომპანიის ბიზნესწინადადება მოიწონა. საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტებს ობიექტი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირობების მიხედვით, უკვე კონკურსში გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია რეგიონში, 2013 წლის 1 ნოემბრამდე, არანაკლებ 3 ტ./სთ. წარმადობის საწარმო აამოქმედოს.
იმავდროულად, საწარმოს ამოქმედების პერიოდისათვის, საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ტ. ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ელქტროსასწორი და პნევმატური ურიკა. ინვესტორმა საწარმოს პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს.
როგორც საკონკურსო პირობებში იყო განმარტებული, პრიორიტეტი მიენიჭებოდა იმ წინადადებებს/განცხადებებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოების ვალდებულებას აიღებდნენ.