უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების, რუსეთის ბალისტიკური შეტევების შესახებ ადრეული გაფრთხილებისა და Starlink/Starshield-ის მუშაობის აღდგენის საკითხები განიხილეს.
„ვესაუბრე მარკო რუბიოს. ეს შინაარსიანი საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომლებსაც რეალური მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ დახმარებისთვის მზადყოფნისა და მკაფიო პოზიციისთვის“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებაა, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის ბალისტიკური შეტევების შესახებ ადრეული გაფრთხილების საკითხი და Starlink/Starshield-ის მუშაობის აღდგენა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე ხდება, რათა ამ საშინელ ომსა და ადამიანების მუდმივ მკვლელობას ბოლო მოვუღოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, რუბიოსთან შეთანხმდა, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ დაუკავშირდება და ერთმანეთს განახლებულ ინფორმაციას გაუზიარებენ.
„მადლობა, მარკო, კონსტრუქციული მიდგომისთვის! მადლობა ამერიკაში ყველას, ვინც სამართლიან მიდგომებს მხარს უჭერს!“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი.