თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის მმართველი კომპანია "TAV Georgia" ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, 12 სექტმბერს, ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება აეროპორტში არსებული ნაღმის შესახებ.
>შემოსული ზარის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოცხადდა ევაკუაცია. ტერმინალში მყოფი მგზავრები და თანამშრომლები პანიკის გარეშე, 10 წუთში უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, აეროპორტი, ტერმინალიდან გამნამღველების გასვლისთანავე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. არცერთი რეისი არ გადადებულა, მხოლოდ ორი რეისი (ალმაატი და ურუმჩი) შესრულდა დაგვიანებით.
მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობდა"- აცხადებენ "TAV Georgia"-ში.
შეგახსენებთ, რომ "TAV Georgia" „TAV Airports Holding"-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქრთველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. „ტავის" მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ორერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით ის ერთ-ერთი სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.
„TAV Airports Holding" ასევე ოპერირებას უწევს სტამბოლის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და 2 აეროპორტს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგმა დაიწყო საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებაც. „TAV Airports Holding" ოპერირებას უწევს კომერციულ ობიექტებს ლატვიაში, რიგის საერთაშორისო აეროპორტში.
2012 წელს „TAV Airports Holding" მთლიანობაში 575, 000 რეისს და დაახლოებით 72 მილიონ მგზავრს მოემსახურა.