საქართველოში საკეისრო კვეთით ნებაყოფლობით მშობიარობა შესაძლოა, აიკრძალოს.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშის განცხადებით, სპეციალური სამედიცინო ჩვენების გარეშე ამ ტიპის ოპერაციების ჩატარების შედეგად, გარდაცვლილ დედათა სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
"სამწუხაროდ, წელს საკეისრო კვეთის შედეგად დედების გარდაცვალების გაცილებით მეტი შემთხვევა ფიქსირდება ვიდრე წინა წლებში. წელს საშუალოდ, 32-დან 35%-მდე საკეისრო კვეთების თანაფარდობა ფიქსირდება. დედათა გარდაცვალების უმეტეს შემთხვევაში საკეისრო კვეთაა გაკეთებული. უკვე შევიმუშავეთ საკეისრო კვეთების ჩვენებების პროტოკოლი, რომელიც დედათა და ბავშვთა საბჭოს ექსპერტებმა უკვე დაამტკიცეს და სამინისტრო არსებული პროცედურებით დაამტკიცებს უახლოეს პერიოდში,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში მშობიარე ქალბატონების 35% საკეისრო კვეთის მეთოდზე აკეთებს არჩევანს.